„მკისა“, რომელიც ბოლნისში ნუშის ბაღებს, ხოლო ხობში „მოცვის“ პლანტაციებს ფლობს, პირველ მოსავალს 2023 წელს მიიღებს.
როგორც „მკისას“ დირექტორი გიგი გაჩეჩილაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ნუშის ბაღებიდან 2023 წელს, სრული მოსავლის 30%-ს, დაახლოებით 6 ტონა ნუშის გულს მიიღებენ. რაც შეეხება მოცვს, კომპანიის დირექტორის განმარტებით, მომდევნო წელს 10 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
„10 ჰექტარზე სუპერინტენსიური ნუშის ბაღი ბოლნისში 2021 წელს გავაშენეთ. 2023 წელს პირველი მოსავალი გვექნება, ეს მთლიანი მოსავლის მხოლოდ 30% იქნება და 6 ტონას მიაღწევს.. 2023 წელსვე მივიღებთ მოცვის პირველ მოსავალსაც. იმის გამო, რომ ნერგების ნაწილი შედარებით პატარაა, საწყისად მცირე მოსავალს ველოდებით. თითო ნერგზე 200-300 გრამამდე, რაც ჯამში 20 ჰექტარზე - 10 ტონა მოცვს გულისხმობს“, - აღნიშნავს გიგი გაჩეჩილაძე.
“მკისას“ დირექტორი რეალიზაციის ბაზრებზეც საუბრობს. მისი თქმით, კომპანია პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
„ნუში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. მაგალითად, ევროპის ბაზარზე მოთხოვნა ყოველწლიურად 5%-მდე იზრდება. ევროპას ბევრი მოთხოვნა აქვს, რაც რთული შესასრულებელია, ამიტომ ორიენტაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც გვაქვს. გვსურს ადგილობრივ ბაზარზეც ვიყოთ, ამიტომ კონკრეტული მოთხოვნის იდენტიფიცირებისთვის კვლევას ვაკეთებთ, ამის მიხედვით გადავწყვეტთ რა ნაწილს გავყიდით ადგილობრივ ბაზარზე.
მოთხოვნის მხრივ მოცვის შემთხვევაშიც ევროპა ლიდერობს. თუმცა აქ ტრანსპორტირება პრობლემაა. თვითმფრინავით გატანა ძვირი ჯდება, სახმელეთო გადაზიდვისას შეიძლება გაფუჭდეს. სატესტოდ მოცვი დანიასა და ლუქსემბურგში უკვე გავაგზავნეთ. არის შანსი, რომ ლუქსემბურგის გავლით, მოცვის საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში დისტრიბუცია მოხდეს. დანიაში მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიასთან მოლაპარაკებას უკვე ვაწარმოებთ. კომპანია სუპერმარკეტების ქსელს ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთსა და გერმანიაში ფლობს“, - აცხადებს ის.
„მკისამ“ ბიზნესის განვითარება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შეძლო. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია, როგორც ნუშის ბაღების, ასევე მოცვის პლანტაციის გაშენებას მოხმარდა. კომპანიის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ „საქართველოს ბანკი“ „მკისას“ მთავარი პარტნიორია.
„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის პროცესი საინტერესოა. ჩვენს საქმიანობაში მუდმივად არიან ჩართულები და ამ პერიოდში ჩვენს პარტნიორებად იქცნენ“, - განმარტავს გიგი გაჩეჩილაძე.
Comentarios